პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

22-04-2020
კორონავირუსის პანდემიის გამო და ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით,  2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ახალი ვადები დადგინდა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით,  გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის  წარდგენის ვადა. კერძოდ:

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონემო სწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად  5 ივლისი განისაზღვრა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წარსადგენ დოკუმენტებში  არ იგულისხმება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის  ბრძანებით შეიცვალა. აღნიშნული  ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების გარეშე. გახანგრძლივებულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია გაუქმდება.

რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების  წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ  სკოლაში;
  • მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერიწარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. 

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2  ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge  ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივლისს დაიწყება და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. 

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. 
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

• საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მშობლებს საშუალება ექნებათ ელექტრონულად სკოლების ელექტრონულ ფოსტებზე (იხ. ელექტრონული ფოსტები) გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ან სკოლის მიერ  დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა 2 დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

ყველა  მოთხოვნილი დოკუმენტის (იხ. დოკუმენტაციის ჩამონათვალი) ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.