განათლების ტრანსფორმაციის პლატფორმა „მაიკროსოფთ საქართველო“-ს ორგანიზებით

განათლების ტრანსფორმაციის პლატფორმა „მაიკროსოფთ საქართველო“-ს ორგანიზებით
09/14/2018
13 და 14 სექტემბერს, კომპანია „მაიკროსოფთ საქართველო“-ს ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობს  სემინარი, რომელიც ეძღვნება, როგორც განათლების ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე პროცესის თანამდევი ტექნიკური გადაწყვეტილებების განხილვას. განათლების სისტემაში ფართომასშტაბიანი დანერგვის დაგეგმვისას, უმნიშვნელოვანესია ხედვის ყველა კომპონენტის, სტრატეგიისა და გადაწყვეტილების განხილვა იმისათვის რომ მოხდეს მასწავლებლების და მოსწავლეების მხრიდან ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება. სემინარი, რომელიც შექმნილია გლობალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, აღწერს საერთო გამოწვევებსა და მოთხოვნებს. 

სემინარის მომხსენებელია კატი ტიანინენი, რომელიც არის „გლობალური ციფრული სწავლების სტრატეგიის დირექტორი” კომპანია “Microsoft”-ში. მას გააჩნია განათლების სამინისტროებთან, სკოლებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. სემინარის მომხსენებელია ასევე, ნატალია დოროში, რომელიც  არის კომპანია “Microsoft”-ში საჯარო სექტორის მენეჯერი. იგი თანამშრომლობს საქართველოს, უკრაინას და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და აქტიურად მონაწილეობს უკრაინის განათლების სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში, წარმატებით აქვს განხორციელებული რამდენიმე პროექტი ამ მიმართულებით. 

სემინარი განკუთვნილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანიზაციების და სტრუქტურული ერთეულების ლიდერებისთვის, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღებნი და აღმსრულებლები რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე. სემინარის მიზანია მონიტორინგის და შეფასების სწორი სისტემის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს განათლების ტრანსფორმაციის სტრატეგიის მიზნების მიღწევას.
 
იხილეთ გალერეა