პროფესიული სასწავლებლების პროდუქციის გამოფენა

პროფესიული სასწავლებლების პროდუქციის გამოფენა
27-06-2013
25 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროექტ Worldskills Georgia-ს ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით „მე მიყვარს ჩემი პროფესია“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობაზე.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო საქართველოს 19 პროფესიული სასწავლებლის პროდუქციის გამოფენა. ექსპოზიციაზე მაქსიმალურად იყო წარმოდგენილი ის პროდუქცია, რომლის შექმნასა და მომზადებასაც ეუფლებიან სტუდენტები სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან არსებულმა საზოგადოებრივმა კოლეჯმა (IT აკადემია) ექსპოზიციაზე წარმოადგინა საკუთარი ბრენდირებული  პროდუქცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის  წარმომადგენლები და საჯარო სკოლების მოსწავლეები.