საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა ამოქმედდება

საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა ამოქმედდება
10-04-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2012 წლის აგვისტოში საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა ამოქმედდება, სადაც ნებისმიერი მსურველი გადამზადდება.

კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნებისმიერი სრუქტურისათვის, რათა მათი საქმიანობა იყოს დაცული. დაზღვეულნი იყვნენ კიბერშემოტევებისა და მათ წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომისაგან.

კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ესტონელი  ექსპერტები იმყოფებიან. ესტონელი  ექსპერტები ქართველ IT  სპეციალისტებს გადაამზადებენ.   გადამზადებული ტრენერები კი, სხვადასხვა სამინისტროებს, საჯარო და კერძო სექტორს  IT უსაფრთხოების შექმნაში დაეხმარებიან და მათ IT  სპეციალისტებს გადაამზადებენ.

ტრენერების მომზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე მოხდება. დღეს, მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესტონელ ექპერტებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია ესტონელი ექსპერტების დახმარება. მოწვეული IT  სპეციალისტები სწორი მენეჯმენტის წარმართვაში დაეხმარებიან სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელებს და ასევე  კონსულტაციას გაუწევენ ელექტრონული ბაზების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.