EU4Digital პროგრამის გახსნა საქართველოში

14-05-2019
2019 წლის 13 მაისს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკში, საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად, ევროკავშირის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. EU4Digital არის  პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერას საქართველოში. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში (DSM)  ეტაპობრივი ინტეგრაცია, საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველო აქტიურად არის ჩართული ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტში  და მის ფარგლებში შექმნილ EU4Digital  6 ქსელში, რომლებიც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გასაზიარებლად.
  
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სხვა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სფეროს ექსპერტები როგორც საქართველოდან, ისე ევროპის სხვა ქვეყნებიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ სისტემის უფროსის მოადგილე - მაია სიმონიძე და სტატისტიკის სამსახურის პროექტების მენეჯერი - მარიამ ავალიანი. 
 
ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის შედეგად ქართველი მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის, დაბრკოლებების გარეშე იქნება ხელმისაწვდომი ევროპული ციფრული მომსახურება.